ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა

კაპელა

ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.

კაპელას შესრულებამ მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ქართული მუსიკალური კულტურის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გამართული ღონისძიება მიზნად ისახავდა პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის კიდევ ერთხელ წარმოჩენასა და მისი ხსოვნის უკვდავყოფას, საერთაშორისო დონეზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მდიდარი მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენას, უნიკალური ქართული მრავალხმიანობისა და საგუნდო ხელოვნების, ასევე, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების გაცნობას. წმინდა აგათას ბაზილიკაში გამართულ ქართულ მუსიკალურ საღამოს ესწრებოდნენ იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით მექვაბიშვილმა, აღმოსავლეთის ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა, პონტიფიკური აღმოსავლეთის ინსტიტუტის კანცლერმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემ. საღამოს უძღვებოდა საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ჭანტურიშვილი. ყურადღება დაეთმო საქართველო-ვატიკანს შორის არსებულ მრავალწლიან კულტურულ ურთიერთობებს, კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობასა და მსგავსი ღონისძიებების როლს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების გაღრმავების, კულტურათაშორისი დიალოგისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის პროცესში. საღამოზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპლეამ ააჟღერა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, შესრულდა პატრიარქ ილია II-ის საგალობლები. პროგრამის ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შეხვედრებს რომის პაპებთან - იოანე პავლე II-სა და ფრანცისკესთან, საქართველოში მათი ვიზიტების დროს.

✕