ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბაღის გახსნა

ახალციხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი შეემატა. სოფელ აგარაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახლადაშენებული საბავშვო ბაგა-ბაღი საზეიმოდ გაიხსნა და პირველი აღსაზრდელები მიიღო.

პატარებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება  მიულოცეს და წარმატებები უსურვეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა.

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, მისი  სრულად აღჭურვა კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა 2 სართულიანი შენობა, სადაც მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, მუსიკისა და სპორტული დარბაზები, სამზარეულო, სველი წერტილები და სხვა საჭირო სივრცეები. აღსაზრდელებს ასევე,  კეთილმოწყობილი ეზოთი და საბავშვო გასართობი მოედნით სარგებლობა შეუძლიათ.

გარდა ამისა, გასულ კვირას ქალაქ ახალციხეში ახლადაშენებული №2 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, დასრულების ეტაპზეა ახალციხის №4 და სოფელ მუსხის საბავშვო ბაღების მშენებლობა, ხოლო სოფელ აწყურში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები.