გლინტვეინის - "ბრჭყვიალა ღვინოს" მოდუღების დროა! - რეცეპტები, ინგრედიენტები და დოზირება

glintvein

გლინტვეინი - ზამთრის ეს უგემრიელესი ცხელი სასმელი რომ მიირთვათ, რაიმე წვეულებას ან რესტორანში წასვლას ნუ დაელოდებით, ადექით და სახლში მოამზადეთ. 

გლინტვეინი განსაკუთრებულად პოპულარული ევროპის საშობაო ბაზრობებზეა. ამ სასმლის სუნი უკვე საზეიმო განწყობას ქმნის. ჩვენთან გავრცელებული სახელწოდება გლინტვეინი გერმანიასა და ავსტრიაში ცნობილი სასმლის - Glühwein-ისგან მომდინარეობს. გლინტვეინი ქართულად "ბრჭყვიალა ღვინოს" ნიშნავს და მის დასამზადებლად დარიჩინი, მიხაკი და ანისის ვარსკვლავი გამოიყენება. გერმანელები ასევე ამატებენ ციტრუსს, ვანილსა და შაქარს. და რაღა თქმა უნდა, მთავარი ინგრედიენტი წითელი ღვინოა, მშრალი ან ნახევრად მშრალი წითელი, თუმცა მის დასამზადებლად თეთრ ღვინოსაც იყენებენ. 

ზოგი მუსკატის კაკლით ამზადებს, ზოგი ბლომად დარიჩინით, ზოგი ბევრი ფორთოხლით. გემოვნების თემაა, ისევე როგორც ყველაფერში.

აი, მარტივად:

ქვაბში ჩაასხით ერთი ბოთლი მშრალი წითელი ღვინო, დაუმატეთ 125 გრამი შაქარი და დარიჩინის ერთ-ორი ჩხირი. ფორთოხალს გააცალეთ ცედრა და დაჭერით ჩხირებად, რბილობი კი მოზრდილ ნაჭრებად. ცედრაც და რბილობიც ჩაყარეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე, 10-15 წუთის განმავლობაში დატოვეთ. გაწურეთ, გადაანაწილეთ ჭიქებში და გემრიელად მიირთვით!

2 რეცეპტი 

750 მლ მაღალი ხარისხის ღვინო

1 დიდი ზომის დარიჩინის ჩხირი

2 ანისის ვარსკვლავი

4 მიხაკი

1 ფორთოხალი

ლიმონის ცედრა

4 ჩაის კოვზი შაქარი

დიდი ზომის ქვაბში ჩაასხით წითელი ღვინო, ჩაყარეთ დარიჩინი, ანისის ვარსკვლავი, მიხაკი, მრგვლად დაჭრილი ფორთოხალი, ლიმონის ცედრა და შაქარი. შეათბეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით ისე, რომ დუღილი არ დაიწყოს და ალკოჰოლი არ აორთქლდეს.

გადმოდგით ქვაბი და შეაგრილეთ სასმელი; სერვირებისას გაათბეთ ისე, რომ არ ადუღდეს; გემრიელად მიირთვით.

გლინტვეინის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა 300-დან 400-ს მილილიტრამდეა.