ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალბათ ახალი თაობის პოლიტიკოსად მიიჩნევს, ეტყობა, ახალგაზრდული ენერგია აქვს და პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალბათ, ახალი თაობის პოლიტიკოსად მიიჩნევს, გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს როგორც ჩანს, ახალგაზრდული ენერგია აქვს და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს.

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალბათ, ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მინისტრების ახალ შემადგენლობას და პარლამენტში ახალ დეპუტატებს, ძველ თაობად თვლის? გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა. ეტყობა, ახალგაზრდული ენერგია აქვს და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 ნოემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მათ შორის, ახალგაზრდა თაობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არ ეცოდება ახალგაზრდობა, „რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ, რომ არა მხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები. თუ რამეს ვხედავთ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის“.