ვოლსკი - დაზარალებული ადამიანების მიმართ სამართლიანობა უნდა აღდგეს, ბევრი ქეისია, სადაც სასჯელმოხდილი ადამიანები ციხიდან გამოდიან და მოპოვებული ქონებით სარგებლობენ

გია ვოლსკი

ბევრი ქეისია, სადაც არიან დაზარალებული ადამიანები, სასჯელმოხდილი ადამიანები კი, ციხიდან გამოდიან და ამ მოპოვებული ქონებით სარგებლობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სასჯელის მოხდის შემდეგ ითვლება ის ვადა, რომლის გასვლამდეც დამნაშავე ქვეყანასაც ვერ დატოვებს, ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს.

„წლების გადის და დაგროვდა რაოდენობა ადამიანების, რომელთაც ცხოვრება იმის გამო მოესპოთ, რომ მათზე ვიღაცამ იძალადა და ქონება წაართვეს. არიან ადამიანები, რომელთაც თაღლითური გზით ქონება ხელში ჩაიგდეს და სხვა ადამიანებიც დააზარალეს, მაგრამ ამის ამოღება ვერ ხდება და მხოლოდ სასჯელის მოხდა არ კმარა. ამ საკითხზე რაღაც გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, ისეთი მექანიზმები, რომ დაზარალებული ადამიანის მიმართ სამართლიანობა აღდგეს. მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილი არ არის ინსპირაცია, მაგრამ ესეც კარგი მაგალითია. ბევრი ქეისია, სადაც ადამიანები დაზარალებული არიან, ხოლო სასჯელმოხდილი ადამიანები ციხიდან გამოდიან, სასჯელს იხდიან და ამ მოპოვებული ქონებით სარგებლობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.