ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ყველა ფიგურას აქვს პატიმრობის საფრთხე - გივი თარგამაძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არგამოცხადების საქმეზე

გივი თარგამაძე

კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო, გივი თარგამაძის საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

პროცესს გივი თარგამაძეც დაესწრო, რომელსაც 10 000-ლარიანი გირაო აქვს გადახდილი. მან სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ის არ აპირებს კომისიის სხდომაზე გამოცხადებას.

თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ მის წინააღმდეგ პატიმრობის განაჩენი გამოიტანონ.

"შეგუებულები ვართ. ახლაც ვიცოდით, რომ ტყუილად წარმოვადგენთ პოზიციებს იმიტომ, რომ გადაწყვეტილია წინასწარ გადაცემა, ასეც მოხდა. გირაო აღკვეთის ღონისძიებაა, ანუ ის მოიცავს პერიოდს არსებით განხილვამდე და არსებითი განხილვის ჩათვლით, ამის შემდეგ დგება განაჩენი, განაჩენი ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას, ასევე პატიმრობას.

იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე მდგომარეობაშია "ქართული ოცნება", საერთაშორისო არენაზე არ აქვს გამოსავალი, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ყველა ფიგურას აქვს, საბოლოო ჯამში, პატიმრობის საფრთხე", - განაცხადა გივი თარგამაძემ.