ვატო შაქარიშვილი - „დიფ სთეითის“ არსებობის აღიარებამ და მის წინააღმდეგ ბრძოლის დაანონსებამ, მართლაც იქონია მოკლევადიანი ეფექტი, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი არის აწ უკვე გაშიფრული და ფართოდ დისკრედიტირებული ინსტრუმენტების ჩამოწერა იმისათვის, რომ უცვლელი მიზნის მისაღწევად ახალი და ეფექტური მექანიზმები აამუშაო

ვატო შაქარიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილის მოსაზრებას იზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას და ამ გზით ქვეყნების გადაყვანას სრულად კორპორაციულ მმართველობაზე.

შაქარიშვილის განცხადებით, „საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში უდიდესი მასშტაბის შემოტევისგან თავის დაცვაში მნიშვნელოვნად დაეხმარა საზოგადოების ინფორმირებულობა და მომავალშიც, ოლიგარქიული ოჯახების რეალურ მიზნებსა და განახლებულ ტაქტიკაზე სიმართლის ცოდნა იქნება მყარი გარანტია, რომ აღნიშნულმა ძალებმა ვეღარასოდეს შეძლონ წაგვართვან სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყანა მათი კორპორაციული ინტერესებისთვის გამოიყენონ“.

„აღნიშნულმა ძალებმა, ევროპა ეტაპობრივად გახადეს დამოკიდებული ამერიკის პოლიტიკაზე, რამაც გაამარტივა სასურველი დოქტრინის დანერგვა, რომელიც ევროპის ეკონომიკურ, ღირებულებით და მმართველობით დეგრადაციას ისახავდა მიზნად. დღეს დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ შედეგი მიღწეულია - ევროპის კონტინენტზე 3 წელზე მეტია მიმდინარეობს ომი, წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა გერმანია ეკონომიკურ რეცესიაშია, უკონტროლო მიგრაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპული ქვეყნების ეროვნული შემადგენლობა და მალე ქრისტიანი ევროპელები უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ევროპის ქვეყნებს წართმეული აქვთ სუვერენიტეტი, რომელიც სრულად არის ბრიუსელის ხელში, თავის მხრივ ბრიუსელის ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება დიფ სთეითს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ნაწილია. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც დიფ სთეითს მიზნის მისაღწევად დასჭირდა სრულად გაეშიფრა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქსელი - ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობის, ასევე ცალკეული სახელმწიფოების ხელისუფლებების სახით. ამ გამოაშკარავებამ, ოლიგარქიული ოჯახები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, ვეღარ ხერხდებოდა იმის უარყოფა, რომ ასეთი ძალები მართლაც არსებობენ და ამიტომ მათ გადაწყვიტეს თავად წამოეწყოთ ამ ყველაფერზე, როგორც პრობლემაზე საუბარი და მისი დამარცხება საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მთავარი დაპირებაც გახდა. მაგრამ პარალელურად, ტრამპის გარემოცვაში რამდენიმე უმდიდრესი ადამიანი გამოჩნდა, რომლებიც მის ინაუგურაციაზე საპატიო ადგილებს იკავებდნენ და მათგან ერთ-ერთი, ილონ მასკი პრეზიდენტის კაბინეტის წევრიც კი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ 4-5 ადამიანის საერთო ქონება 1 ტრილიონ დოლარს აღემატება და ამ ქონებას ისინი სხვა ადმინისტრაციების პირობებში აგროვებდნენ. „დიფ სთეითის“ არსებობის აღიარებამ და მის წინააღმდეგ ბრძოლის დაანონსებამ, მართლაც იქონია მოკლევადიანი ეფექტი, რადგან სხვებს შორის მეც გამიჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის განცდა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მართლაც იწყებდა „დიფ სთეითის“ დემონტაჟს. ილუზიას ქმნიდა, USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების დახურვა, ასევე ხმამაღალი განცხადებები, იმ ბოროტების შესახებ, რასაც „დიფ სთეითი“ ათწლეულების განმავლობაში სჩადიოდა. მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი არის აწ უკვე გაშიფრული და ფართოდ დისკრედიტირებული ინსტრუმენტების ჩამოწერა, იმისათვის რომ უცვლელი მიზნის მისაღწევად სხვა უფრო ახალი და ეფექტური მექანიზმები აამუშაონ.

ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან სასარგებლო იყო ამ თემის გარშემო კვალიფიციური და სიღრმისეული მსჯელობის გახსნა, ზაზა შათირიშვილის და დავით ქართველიშვილის მხრიდან. საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში უდიდესი მასშტაბის შემოტევისგან თავის დაცვაში მნიშვნელოვნად დაეხმარა საზოგადოების ინფორმირებულობა და მომავალშიც, ოლიგარქიული ოჯახების რეალურ მიზნებსა და განახლებულ ტაქტიკაზე სიმართლის ცოდნა იქნება მყარი გარანტია, რომ აღნიშნულმა ძალებმა ვეღარასოდეს შეძლონ წაგვართვან სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყანა მათი კორპორაციული ინტერესებისთვის გამოიყენონ“-წერს ვატო შაქარიშვილი.