"ვაგრძელებთ ყველა იმ დემოკრატიულ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია წევრობისთვის - სამწუხაროა, რომ, საპირისპიროდ, ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებს და ქმედითი ნაბიჯები არაა გადადგმული" - გორდულაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე

არჩილ გორდულაძე

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალიანსი "მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი".

განცხადების მიხედვით, უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამასთან, საქართველო განაგრძობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაახლოებას NATO-ს სტანდარტებთან.

მმართველი გუნდის შეფასებით, ქვეყანა, უკვე წლებია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის სხვა ბევრ ქვეყანაზე მეტს აკეთებს, თუმცა ორგანიზაციის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან.

"ჩვენ ჩვენი პარტნიორების წინაშე აბსოლუტურად პირნათლები ვართ. ამავდროულად, ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაიღეს, რათა საქართველოს თავისი წილი ვალდებულებები შეესრულებინა, მაშინ, როდესაც NATO-ს არაერთ წევრ ქვეყანას თავისი კონტინგენტი საერთოდ არ ჰყავდა წარმოდგენილი ან - რიცხობრივად გაცილებით უფრო ცოტა, ვიდრე ქართველი ჯარისკაცები იყვნენ. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ დემოკრატიულ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია წევრობისთვის. ამავდროულად, ძალიან სამწუხაროა, როცა, საპირისპიროდ, ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებს და არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.