ვაგრძელებთ მუშაობას და 2028 წელს ყველა დაინახავს, რომ ვიქნებით ლიდერი, გავხსნით მოლაპარაკებებს და გვექნება ორწლიანი მშვიდი მოლაპარაკებები - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ევროკავშირი, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის და თანხმობის პროექტი, ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით „ეს ჯგუფები განაიარაღეს“.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით სწორედ ეს გავაკეთეთ, რომ ეს იარაღი ჩამოვართვით ამ ჯგუფებს და განვაიარაღეთ ამ მხრივ. ნაცვლად იმისა, რომ გვქონდეს 6-წლიანი ჯანჯღარი და ამ იარაღით ჩვენ მოსახლეობაზე ზემოქმედება, გვექნება მშვიდი საგნობრივი მუშაობა ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რაზეც ისედაც უნდა გვემუშავა. ჩვენ ახალი კი არაფერი გვაქვს გასაკეთებელი ამ მოლაპარაკებების დაწყებით, ვაგრძელებთ იმავეს, რასაც აქამდეც წარმატებით ვაკეთებდით და ევროკომისიის დასკვნით ამ მხრივ მოწინავე ვართ. ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ ვიქნებით კვლავ მოწინავე და 2028 წელს ყველა დაინახავს, რომ ვიქნებით ლიდერი, გავხსნით მოლაპარაკებებს და გვექნება ორწლიანი მშვიდი მოლაპარაკებები, სადაც შეფასდება ჩვენი შედეგები. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი გარკვეული საფრთხის ქვეშ დადგეს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ამ თემებზე, თუნდაც რეზოლუციაში საუბრობენ ის ჯგუფები, ვისთვისაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და გაწევრიანება ევროპული ღირებულებებით გამსჭვალული პროცესი კი არ არის, არამედ არის შესაძლებლობა, რომ საქართველოზე პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინონ, რათა სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიაღებინონ.

„ჩვენ ვხედავთ, რა უნდათ ჩვენგან ამ ჯგუფებს. დღეს რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ჩაწერეს ცხადად, თუ რა უნდათ. ახლახანსაც ხომ მიიღეს სხვა რეზოლუცია? ჩაწერეს, რაც უნდათ. უნდათ, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ, დავით კეზერაშვილი ვაღიაროთ მედიამენეჯერად და ასე შემდეგ. აი, ეს ინსტრუმენტალიზაციის შესაძლებლობა ჩამოართვა ამ ჯგუფებს ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმაციამიცემულმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა მმართველი გუნდის დღევანდელი გადაწყვეტილება ერთგვარი პასუხი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო რეზოლუციაზე პასუხი.

„სამწუხაროდ, ამ რეზოლუციებს თავის ფასი დაკარგული აქვს. ერთადერთი ეს არის, რასაც მიაღწია ევროპარლამენტმა იმ ხუთი რეზოლუციით, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით მიიღეს. დოკუმენტურად ვიცით, ვნახეთ აშშ-ის რეესტრში, რომ ევროპარლამენტარების ის ჯგუფი რეზოლუციების ამ პროექტებს იღებს ლობისტებისგან. პირდაპირ ეწერა ანგარიშში, რომ მიხეილ სააკაშვილის თუ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ლობისტები როგორ ადგენდნენ რეზოლუციის ტექსტებს ევროპარლამენტარებისთვის. ამ ჯგუფმა, საბოლოო ჯამში, მიაღწია მხოლოდ ერთ რამეს, ნაცვლად იმისა, რაც მათ სურდათ, რომ პოლიტიკური ზეწოლა განეხორციელებინათ საქართველოზე, რათა რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და აქ ხელისუფლების ცვლილება მოეხდინათ, რაშიც პირდაპირ იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში, მიიღეს ის, რომ ამ რეზოლუციებმა ფასი დაკარგა არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს რეზოლუციები ისედაც არასავალდებულო რეზოლუციებია, მაგრამ პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა ხომ უნდა ჰქონდეს? მთლიანად გააუფასურეს ამ რეზოლუციების მნიშვნელობა და ვხედავთ, რომ უკვე საზოგადოებაც რამე დამატებით მნიშვნელობას აღარ ანიჭებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ამ რეზოლუციებით ქართული საზოგადოებისთვის ცხადი ხდება, თუ რა გეგმა და ზრახვები აქვთ საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე ჯგუფებს, რომლებიც აქ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით აქტიურობენ ხოლმე და მათ ათამაშებენ.

„ეს არის ინსტრუმენტი, რომ შემდეგ აქ ჩამოვიდნენ, მიტინგები ჩაგვიტარონ უცხოელებმა და ქართული საზოგადოების შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩაერიონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.