ვადასტურებ, რომ გავრცელებულ მასალაში ისმის ჩემი ხმა, ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვერც კრიმინალები და ვერც ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეწოლას, პარტია საკუთარი ნებით დავტოვე - კარა ორუჯევი

ნკ

რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსთავის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კარა ორუჯევი. მან კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. კარა ორუჯევი სოფელ ყიზილაჯლოში "ლელოდან" იყო წარდგენილი. ოპოზიციური პარტია სუსს ზეწოლაში, ძალადობაში, მუქარასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. თავად ორუჯევი კი უარყოფს შანტაჟსა და ზეწოლას და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი გახდა "ლელოს" კურსი.

“ტელევიზიით აჩვენეს ჩანაწერი. ვადასტურებ, რომ გავრცელებულ მასალაში ისმის ჩემი ხმა. მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც "ლელოს" პარტიის წევრია. მინდა ვთქვა, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. ახლა ნათესავებმა მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა მომეხსნა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული. "ლელოს" პარტიის ლიდერებს განვუმარტე, რომ არ დაეშვათ ის შეცდომები, რომლებიც წინა არჩევნებზე დაუშვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე პარტიიდან წავიდოდი. ამის მიზეზი ჩემში კი არა, არამედ პარტიის თავმჯდომარეშია, რომელმაც პროცესის ორგანიზება ვერ შეძლო. საერთოდ არ ვიცი, რომელ კრიმინალურ ავტორიტეტებზეა საუბარი, ჩანაწერში ამგვარი რამ არ არსებობს. არავის არც ფული შემოუთავაზებია და არც კრიმინალურ ავტორიტეტებთან მისაუბრია. რაც ვთქვი, არის ის, რომ ვერც კრიმინალები და ვერც ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეწოლას, პარტია საკუთარი ნებით დავტოვე“, - აცხადებს ყიზილაჯლოს ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციიდან კარა ორუჯევი.