უვიზო რეჟიმის ფლობა არის პრივილეგია, თუ ამ დამსახურებას არ შეინარჩუნებ, თუ სწორ კურსს არ გაატარებ, ევროპა გეუბნება, რომ ეს ფუფუნება აღარ გექნება - გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია

მუქარა ქართველი ხალხის მისამართით - ასე აფასებს მმართველი გუნდი დონალდ ტუსკის განცხადებას, რომელიც უკანონო მიგრაციის რისკებზე და რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობს.

"საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

უმრავლესობაში შანტაჟზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიზანი, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნაა.

შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის ქონა პრივილეგიაა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება.

მისვე თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.

"უვიზო რეჟიმის ფლობა არის პრივილეგია, ეს არის ფუფუნება, ეს არ აქვს ყველას, აქვს ზოგს დამსახურებების გამო და თუ ამ დამსახურებას არ შეინარჩუნებ, თუ სწორ კურსს არ გაატარებ, ევროპა გეუბნება, რომ ეს ფუფუნება აღარ გექნება.

აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.