“უცხოური დაფინანსების მიღებაზე თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ეს თანხა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ქართულ საქმეს მოხმარდება" - ირაკლი ჭეიშვილი გრანტების კანონში ცვლილებაზე

ირაკლი ჭეიშვილი

იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებს. სიახლის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით.

ინიციატივის მიხედვით, მთავრობას, თანხმობის გასაცემად, ათდღიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს. კანონი ადგენს გამონაკლისსაც - ეს არის სპორტის, განათლების და მეცნიერების სფეროები. ასევე წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, თანხმობა გაიცემა მხოლოდ იმ დაფინანსებებზე, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას მოხმარდება.

"ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, რომელსაც მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, აუცილებლად დასჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა, სხვა შემთხვევაში, გრანტს ვერ მიიღებენ. თანხმობა განისაზღვრება შემდეგში - თუ ეს თანხა იქნება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის განსაზღვრული და ქართულ საქმეს მოხმარდება, ამ შემთხვევაში, მიიღებს თანხმობას და არა ისე, როგორც აკეთებდა USAID-ი წლების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.