1744746483
უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის საწვრთნელი მისიის უკრაინაში განთავსებას, რადგან ეს ომის ესკალაციის რისკს ქმნის - პიტერ სიიარტო

უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის საწვრთნელი მისიის უკრაინაში განთავსებას, რადგან ეს ომის ესკალაციის რისკს ქმნის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამხედრო მწვრთნელებმა ევროკავშირიდან არ უნდა ჩაატარონ საწვრთნელი პროგრამები უკრაინელი სამხედროებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ეს ევროპის მიმართ ომის ესკალაციის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ჩვენთვის ეს წითელი ხაზია. ამ საწვრთნელი მისიის არც ერთი ელემენტი არ უნდა ჩატარდეს უკრაინულ ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირმა კიევში სამხედრო მწვრთნელები ან სამხედრო მრჩევლები გაგზავნოს, რადგან ეს წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ომის ესკალაციის კუთხით,“ – განაცხადა სიიარტომ.
პრესკონფერენციაზე საუბრისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი მინისტრები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს. მისი ცნობით, განიხილება რუსული ენერგორესურსების იმპორტზე და ბირთვული ინდუსტრიისთვის შეზღუდვების დაწესება, რასაც ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება.
„მათ სურთ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადების დაწყება. ნახსენები იყო, რომ ის უნდა იყოს მასშტაბური, ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა სანქციები რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენაზე და ბირთვულ ინდუსტრიაზე. ევროკავშირიდან რამდენიმე კოლეგამ ამას მხარი დაუჭირა. თქვენ ნახეთ, რომ გასულ კვირას მათ სცადეს რამდენიმე რუსი მინისტრის და სერბეთის ვიცე-პრემიერის სასანქციო სიაში შეყვანა. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას არ დავუჭერდით მხარს. ამერიკელები ამჟამად პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსებთან, ამერიკის პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი ელაპარაკებიან ერთმანეთს ტელეფონთ, მათი წარმომადგენლები ერთმანეთის დედაქალაქებში ჩადიან, ამერიკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ასევე აქვთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, ჩვენ კი გვინდა რუსეთის მთავრობის წევრების სასანქციო სიაში შეყვანა“, – თქვა სიიარტომ.