ტუსკი: პოლონეთი უკრაინის აღდგენის საკითხში გულუბრყვილო აღარ იქნება

ტუსკი

პოლონეთი უკრაინას დაეხმარება და მასთან სოლიდარული იქნება, თუმცა ვარშავა ამ საკითხში გულუბრყვილო აღარ იქნება, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

„ჩვენ დავეხმარებით [უკრაინას]. პოლონეთი - ეს სოლიდარობაა. პოლონეთი - სოლიდარობაში ლიდერია, მაგრამ გულუბრყვილო ფორმით ეს აღარ მოხდება“, - თქვა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა პოლონურ ქალაქ სლავკუვში ინტენსიურად მიმდინარეობს ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები. მისი თქმით, მის კონტროლს ბევრი კომპანია მოისურვებს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ - პოლონელები, პოლონური კომპანიები, პოლონეთის სახელმწიფო ამ ადგილის განვითარებისა და ინვესტიციების 100% მფლობელი ვიქნებით. ამით ჩვენ ფულს გავაკეთებთ“, - დასძინა ტუსკმა.

გარდა ამისა, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და მთელი მსოფლიო უკრაინას აღდგენაში დაეხმარება. მისი თქმით, სლავკუვის ტერმინალი იქნება საკვანძო, როცა საქმე ლოჯისტიკას და ტრანსპორტს შეეხება.