წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კილომეტრზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა საქართველოში - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური პროგრესის მიღწევას სჭირდება კონკრეტული პროექტების განხორციელება და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაფართოება, ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომავალ წელს მთლიანად დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა, მათ შორის ეს მოიცავს რიკოთის საუკუნის ურთულეს პროექტს.

„ძალიან დიდი სამუშაო გასწია საქართველოს მთავრობამ კონკრეტულად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით და სხვაობა აქაც არის სახეზე. მაგალითად წინა ხელისუფლების მონაცემები რომ ავიღოთ, მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი ააშენეს და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კილომეტრზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა საქართველოში. ეს არის ეფექტიანობის შედეგი და იმის შედეგი, რომ ადრე ყვაოდა კორუფცია და კორუფცია არის აღმოფხვრილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს იმ უზარმაზარ სხვაობას, რომელიც არის სახეზე 2012 წლის შემდეგ.

ჩვენი ამოცანა არის საზღვრებამდე ავტომაგისტრალის მიყვანა. შემდეგი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის საზღვრამდე ავტომაგისტრალის სრულად აშენება, საუბარია, 4-ზოლიან ავტომაგისტრალზე. ასევე ჩვენს გეგმებში შედის თურქეთის საზღვრამდე ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობა, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კახეთის მიმართულებით არის ძალიან სერიოზული პროგრესი, თბილისიდან საგარეჯოს მონაკვეთი უკვე არის აშენებული, ბადიაურამდე გაგრძელდება ამ მონაკვეთის მშენებლობა და დასრულდება მომდევნო წლისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდება ჭალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა.

„აშენდება ასევე გურჯაანი-თელავის მაგისტრალი, ლაგოდეხის შემოვლითი გზა, ანაკლია-თეკლათის მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის სათანადოდ ოპერირებისთის, რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც რუსთავის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის, მობილობის გასაუმჯობესებლად. ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი და ასევე ლარსის მონაკვეთი, აქაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები და გვაქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ამ შემთხვევაშიც ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა ეს გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.