ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა არის სადისტური აქტი და დანაშაული - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი დღეს ცესკოში მომხდარ ინციდენტს აფასებს. მისი განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა არის სადისტური აქტი და დანაშაული.

„ამ ბოროტმოქმედების საქციელი დიდი ხანია, გასცდა გამოხატვის თავისუფლებას ან აქტივიზმის რაიმე ფორმას. ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა ეს არის სადისტური აქტი და დანაშაული. ამ არჩევნებმა ქართველი ხალხის მხრიდან წერტილი დაუსვა მათ რაიმე ამბიციას და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს, ასევე სამართლებრივი ფორმითაც და ჩვენ ბევრი გვექნება საფიქრალი იმაზე, როგორ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ბოროტების მანქანა აღიგავოს ამ პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.