ცესკო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება - 4 სექტემბრიდან ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს 3 051 საარჩევნო უბანი

ცესკო

ცესკო აქტიურად ემზადება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს 3 051 უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია 16 სექტემბრის ჩათვლით, მონაცემების გადამოწმება კი ცესკოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული უბნის მოთხოვნას, ვადა 23 სექტემბრამდეა. კენჭისყრაში მონაწილეობისას ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები.

 

"4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი.

ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობითაც.

ამომრჩეველმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 23 სექტემბრისა.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა", - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი,  ნათია იოსელიანი.