წარმოუდგენელია, როცა სენატორები განცხადებას იმ ფაქტზე აკეთებენ, რომელიც არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ სპეკულაციების სფეროდანაა - ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

სიახლეა, როცა დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინმეს თუ რაიმე კითხვები აქვთ, შეუძლიათ, მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავებს.

„მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა სიახლეა, როცა დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება. წარმოუდგენელია, როცა სენატორები განცხადებას იმ ფაქტზე აკეთებენ, რომელიც არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ სპეკულაციების სფეროდანაა. ვინმეს თუ რაიმე კითხვები აქვთ, შეუძლიათ, მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავებს. ეპითეტები, რომლებსაც უხვად ურიგებენ სხვადასხვა ადამიანს, შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ეპითეტების გაუფასურებას იწვევს. რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელში დაწერა: „გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მე გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“.