მედია: ირანმა, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტე დაკეტოს
1750339449
გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში წაღვლის გამგებელს, ვაჟა ლომიძეს და ჩორჩანას მკვიდრს, მანანა შეყელაშვილს ელოდებიან. პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 2019 წელს, ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმას ეხება, რის შედეგადაც მოსახლეობა ვეღარ სარგებლობს ტყით და მიმდებარე ტერიტორიებით. საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე.
სოფელ ჩორჩანას მკვიდრის, ვაჟა ლომიძის შეფასებით, ტერიტორიაზე საგუშაგოს ჩადგმა შეცდომა იყო, რადგან მანამდე იმ ტერიტორიასაც ქართული მხარე აკონტროლებდა, რომელზეც ახლა ოკუპანტების საგუშაგო დგას.
"საერთოდ არ ჰქონიათ კომუნიკაცია ჩვენთან. არ ვიცი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ან რატომ მიიღო, ერთადერთი იმას აცხადებდნენ, რომ ტყეში ხეებზე იყო საღებავი წასმული, თუ დამიჯერებთ, რუსს საღებავი არ დასჭირდებოდა, პირდაპირ ამოვიდოდა და მიიერთებდა იმ ტერიტორიას. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ვისგანაც იყო დაშვებული.
ამ ტერიტორიასაც ჩვენ ვაკონტროლებდით, რომელზეც ჩვენი საგუშაგო დგას და იმ ტერიტორიასაც, სადაც რუსებმა ჩადგეს საგუშაგო. ამოსწიეს თავიანთი საგუშაგო და იქვე, სოფელ წაღვლთან, ძალიან ახლოს ჩადგეს, დაახლოებით, ამოვიდნენ კილომეტრ-ნახევარზე. ტყეში შესვლა ძალიან სახიფათოა იმიტომ, რომ დაგიჭერენ, თუნდაც საგუშაგოს აქეთ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ვაჟა ლომიძემ.
ადგილობრივის, მანანა შეყელაშვილის განცხადებით, ტერიტორიაზე საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, მოსახლეობა ტყით ვეღარ სარგებლობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცება არ დაფიქსირებულა.
"მოსახლეობისთვის შეიცვალა ის, რომ დაკარგეს ტერიტორია, რომლითაც სარგებლობდნენ - ტყით, შეშის მოტანა, ჯონჯოლზეც დადიოდნენ, ამგვარად შეზღუდვები აქვს მოსახლეობას. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გატაცება არ დაფიქსირებულა, 2008 წლის შემდეგ, მსგავსი არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივად ცხოვრობდა მოსახლეობა", - განაცხადა მანანა შეყელაშვილმა.