ტრამპმა მომილოცა 26 მაისი და დამალეს, იციან, მასთან ფოტო ფეიკი არ არის, მაგრამ არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ, რომ ყაველაშვილი შეხვდა ტრამპს, სურათიც და მილოცვაც ნამდვილია - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

მაქვს შინაგანი სიამაყის განცდა, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს შეუძლია ასეთი პოზიციონირება, არავის მისდევს, არავის ეკიდება კალთაზე. წარმოაჩენს სახელმწიფოს, ეროვნულ ინტერესს; თანასწორია ყველასთან ურთიერთობაში, ვინც არ უნდა იყოს, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ქვეყანა. ყველაფერი ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემას და კეთილგანწყობას, ამ პრინციპებით ვმოქმედებდი მეც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, ზუსტად ერთი და იმავე ტექნოლოგიებით ებრძოდნენ საქართველოს ხელისუფლებასაც და დონალდ ტრამპსაც, ერთი და იგივე ტექსტები, მესიჯები, „რუსული პროექტი“ და ა.შ.

„ნუთუ ამ ახალგაზრდებს ან ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებს არ უჩნდებათ კითხვა, ტრამპიც რუსეთია? ტრამპიც „რუსულია“? ეს ხომ აშკარა მოცემულობაა, როცა ტრამპმა გაიმარჯვა, იგივე ადამიანები – სააკაშვილი, გვარამია და სხვები, ამგვარ ბრალდებებს აჟღერებდნენ. ღირებულებით ნაწილში კი, ჩვენ და ტრამპს თანხვედრა გვაქვს. როცა ის იბრძოდა გამარჯვებისთვის, ჩვენც იგივე ღირებულებები გვქონდა: ოჯახური ფასეულობები, ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური განვითარება, მიგრაციის საკითხები და ა.შ. ბევრ თემაში თანხვედრაა აშშ-ის პრეზიდენტთან“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ტრამპთან სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ შესაძლებელია ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან.

„მისგანაც მივიღეთ პასუხი, რომ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ვერავის ვერაფერს დავაძალებთ. ვერ ვაიძულებთ, რომ ხვალ გაგვცეს პასუხი. ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ. კარგად გვაქვს გაცნობიერებული არსებული რეალობა და ვიცით, რა გლობალური გამოწვევებია დღეს მსოფლიოში. შესაძლოა, ამ ეტაპზე საქართველო ჯერ არ ფიგურირებდეს დღის წესრიგში. ესეც გასაგებია და გასაგებიც უნდა იყოს. ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს.

ტრამპმა მომილოცა 26 მაისი და ეს დამალეს. განა არ იციან, რომ ტრამპთან ფოტო ფეიკი არ არის, ნამდვილია. გაერო-ში გამოვედი, შემდეგ ვახშამს დავესწარი. სისულელეა ახლა მტკიცება, ფაქტია, მაგრამ ეს უნდათ, უარყონ, რატომ? რადგან ეს ადამიანები, ვინც ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული, შთააგონონ, რომ ეს არ არის ნამდვილი. გაურბიან ფაქტობრივ პასუხს, ფაქტსაც კი შლიან. აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაც კი „გააბანძეს“. სად მიიყვანეს ეს ადამიანები მსახურებამ. კითხვა დაუსვან საკუთარ თავს – რას ვაკეთებ, ეს ხომ ფაქტია? მაქვს იმის გამბედაობა, რომ ფაქტად ვაღიარო? არ აქვს. აქედან უნდა დაიწყოს. ჩვენ გვეუბნებიან, მონებიო. აი, მონობა რა არის. საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, ეს ფაქტია, თუ არ არის ფაქტი. გამოვიდეს და ხმამაღლა უთხრას იმ ახალგაზრდას, რომ ფაქტია, ყაველაშვილი შეხვდა ტრამპს, ჰქონდა ურთიერთობა, ეს სურათი და მილოცვაც ნამდვილია. ამის გამბედაობა არ აქვთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.