თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს - ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ წერილზე

ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარიამ“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საიდუმლოდ წერილი გაუგზავნეს და ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვისთვის, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელისთვის.

„დღეს ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები: მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს, არც მეტი არც ნაკლები; მათ მოითხოვეს კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ხელისუფლებას შორის; მათ მოითხოვეს 120 მილიონიანი დაფინანსების შეჩერება და ასევე მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სამი მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია თავისი ქმედებებით ავლენს საკუთარ სახეს და მათი მხარდამჭერები  გადააფასებენ საკუთარ არჩევანს და სწორ პოზიციას დაუბრუნდებიან.

„ისინი ყოველდღიურად ავლენენ საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი. ამას ხედავს საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ ის 785 ათასი ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს თანდათანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს და საბოლოო ჯამში ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.