თორნიკე ჭეიშვილი: საქართველო არის სუვერენული ისე, როგორც არასდროს ეს არის დაკავშირებული საზოგადოების განწყობასთანაც და იმ იმუნიტეტთან, რომელიც საზოგადოებას გამოუმუშავდა არასწორი აღქმების თავს მოხვევის მცდელობებთან მიმართებით

თორნიკე ჭეიშვილი

ე.წ. ვაიმარის სამეულის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე უნდა გავიხსენოთ, რომ ვიდრე სხვის თვალში ბეწვს დაინახავენ, საკუთარ თვალში დირე აღმოაჩინონ. ვგულისხმობ იმ პროცესებს, რაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიხილეთ სულ ახლახან, საფრანგეთში და ა.შ., - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

„არის ორმაგი სტანდარტები, საშინაო და საგარეო სტანდარტები. მათი საშინაო სტანდარტი ამბობს, რომ თუკი თავად შენიშნავენ რომელიმე ექსტრემისტულ პარტიას თუ პოლიტიკოსს, მასთან მიმართებით მაშინვე რადიკალური სამართლებრივი ზომები უნდა გაატარონ, მაგრამ აქეთ თურმე დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს იმის გამო, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. ეს არის ორმაგი სტანდარტების ფეიერვერკი.

არ შეიძლება ასეთი უსამართლო რიტორიკა იქნეს საქართველოსთან მიმართებით მათი მხრიდან გამოყენებული და ტირაჟირებული და თუკი მათ სურთ, რომ საქართველოში პროცესები იყოს სტაბილური, მოდი გადავხედოთ დაფინანსების იმ წყაროებს, რომლითაც ეს ჯგუფები იკვებებიან. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებს, ბრიუსელს და იქაურ ფონდებს მოუწოდონ იმისკენ, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ მაშინ, როდესაც ისინი ახდენენ აქ იმგვარი ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც დაკავებული არიან ძალადობის ტირაჟირებით, პოლარიზაციით.

საქართველო არის სუვერენული ისე, როგორც არასდროს და ეს თავისთავად არის დაკავშირებული საზოგადოების განწყობასთანაც და იმ იმუნიტეტთან, რომელიც საზოგადოებას გამოუმუშავდა დეზინფორმაციის და არასწორი აღქმების თავს მოხვევის მცდელობებთან მიმართებით.

დღეს ყველაფერი დევს ხელის გულზე. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, თუ რეალურად როდის გვქონდა ჩვენ საქმე დემოკრატიულ უკუსვლასთან, ვინ იყო დაკავებული იმით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები გაეთელა ფეხქვეშ, ყოფილიყო გავრცელებული და მოუთოკავი ელიტური კორუფცია, ვინ ახდენდა ბიზნესის რეკეტს, ვინ იყო დაკავებული იმით, რომ ქუჩა-ქუჩა ფიზიკურად გასწორებოდა ჩვენს თანამოქალაქეებს.

ამ ყველაფრის ფონზე ყველაფერი ისე წარმოჩინდება, რომ თითქოს მაშინ დემოკრატიული აღმასვლა იყო და დღეს რეგრესია. ეს არის აბსურდი და ცრუ აღქმების გავრცელების მცდელობა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.