1749217709
თორნიკე ჭეიშვილი: მივულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის მართლაც საკრალური თარიღი ჩვენთვის და კიდევ ერთხელ გვახსენებს დღევანდელი დღე იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დამოუკიდებლობა, თავისუფლება

მივულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი ტელეეთერის მეშვეობით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის მართლაც საკრალური თარიღი ჩვენთვის და კიდევ ერთხელ გვახსენებს დღევანდელი დღე იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ფასეულია ჩვენთვის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს დღეს გვახსენებს იმასაც, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს არის განგრძობადი პროცესი და ჩვენ ამ თვალსაზრისით არასდროს უნდა მოვდუნდეთ, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც, ზოგადად დღეს არის შექმნილი თანამედროვე მსოფლიოში.
„ჩვენ თუ დავაკვირდებით საქართველოს სახელმწიფო გერბს, ვნახავთ მასზე გამოსახულ სიტყვებს, „ძალა ერთობაშია“ და ეს არის ერთგვარი დევიზი საქართველოს სახელმწიფოსი და ამას აქვს თავისი ძალიან ღრმა ფესვები თუ გადავეშვებით გარკვეულ ლიტერატურულ ჟანრში. აქ რაზეა ლაპარაკი, თუკი ვინმეს სურს, რომ დაასუსტოს საქართველო, თუკი ვინმეს სურს, რომ ხელი აღმართოს ჩვენს დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის სწორედაც რომ ჩვენი ერთიანობა, საზოგადოების ერთიანობა და პირიქით. სწორედ შუღლის გაღვივებით, სწორედ გახლეჩილობით შეიძლება შესაბამისმა დაინტერესებულმა, მტრულად განწყობილმა ძალამ მიაღწიოს იმას, რომ საქართველოში აიმღვრეს წყალი და ამ ამღვრეულ წყალში უკვე, როგორც იტყვიან, შემდგომ თევზის დაჭერაც გახდეს ადვილი.
ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს დღეს მიმდინარე პროცესებს, ნაცვლად იმისა, რომ დღეს მთელმა ერმა იზეიმოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე, ვიყოთ ყველა ერთსულოვანი და მართლაც ეს დღე არის ყველასი, თითოეული მოქალაქის, ვხედავთ რაღაც ალტერნატიულ ღონისძიებებს, ალტერნატიულ მოძრაობებს. ჩვენ გვესმოდა რადიკალური განცხადებები, განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მოიცავდა მოწოდებებს სისხლისღვრისკენ ლამის და მსგავსი ქმედებები, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ დღეს, სამწუხაროდ ქვეყანაში არიან რადიკალური ძალები, ექსტრემისტულად განწყობილი ძალები, რომლებიც იმართებიან გარედან. ისინი ასრულებენ იმ დავალებას, რასაც ჰქვია სწორედაც რომ საზოგადოების გახლეჩა და გარკვეული ბზარის შემოტანა ჩვენს ერთიანობაში“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ, ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა გაიწმინდოს, გასუფთავდეს რადიკალური ოპოზიციისა და აგენტურისგან.