თორნიკე ჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: ურთულესია იმ სიბინძურის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები იქ კადრულობენ. მეორე მხრივ, გასაგებია, რაში მდგომარეობას მათი ამოცანა

თორნიკე ჭეიშვილი

ბუნებრივია, ჩვენს ხელისუფლებას აქვს მაღალი პასუხისმგებლობა იმასთან მიმართებით, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს და არავის მიეცეს იმის საშუალება, რისი მცდელობაც გასული დღეების განმავლობაში ვნახეთ, როდესაც ნაცორკები მიზანმიმართულად ცდილობენ ძალადობრივი პროვოკაციის გზით თავს დაესხან ჩვენს საარჩევნო შტაბს და შექმნან მოცემულობა, თითქოს აქ არის დაძაბული წინასაარჩევნო გარემო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, ობიექტურად, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს და ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი სურვილი და ვინც საარჩევნო სუბიექტად არის რეგისტრირებული, წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება აქვს. დეპუტატმა სიტუაციის განმუხტვის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მთავარი იარაღი სიმშვიდე და მაქსიმალური მოთმინებაა.

„ურთულესია იმ სიბინძურის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები იქ კადრულობენ, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებისა და შტაბის წევრების მისამართით. მეორე მხრივ, გასაგებია, რაში მდგომარეობს მათი ამოცანა. როდესაც ხედავენ, რომ არანაირი პერსპექტივა არ ესახებათ თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, პირდაპირ მიდიან იმაზე, რომ სიტუაციის ესკალირებით ეს არჩევნები ან ჩაშალონ, ან შექმნან იმგვარი ფონი, რომ არჩევნებმა არ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათი შავბნელი განზრახვა არ აღსრულდეს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ამ საკითხზე საქართველოში მომუშავე ელჩების დუმილს და „ფარისევლური“ უწოდა გერმანიის ელჩის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ძალადობის წინააღმდეგია. ჭეიშვილის შეფასებით, ეს პირები ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან ექსტრემისტებთან და ფაქტობრივად ახალისებენ მათ რადიკალურ ქმედებებსა და ძალადობას.