თორნიკე ჭეიშვილი ევროპარლამენტარების ჯგუფის ვიზიტზე: მიზანი მათი ჩამოსვლის არის ისევ და ისევ ცეცხლზე ნავთის დასხმა. რადიკალები ცდილობენ დღეს რუსთაველზე შეიკრიბონ და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია

თორნიკე ჭეიშვილი

მიზანი მათი ჩამოსვლის არის ისევ და ისევ ცეცხლზე ნავთის დასხმა. რადიკალები ცდილობენ დღეს რუსთაველზე შეიკრიბონ და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით.

წამყვანმა მას ჰკითხა როგორ აფასებს ევროპარლამენტარების ჯგუფის ჩამოსვლას და განიხილავს თუ არა ამას ხელისუფლება გარკვეულ პრობლემად იმის გათვალისწინებით, რომ მათი მხრიდან მოულოდნელი არ არის კრიტიკული განცხადებები, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ა.შ.

„სწორედ ამ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ვნახეთ თუ არ ვცდები, სრულიად უსამართლო, დაუსაბუთებელი, დეზინფორმაციული 6 რეზოლუცია. არ ვიცი დღეს რა ქვენაგრძნობით ჩამობრძანდნენ საქართველოში. ყველაზე ადეკვატური, რაც შეიძლება გააკეთონ დღეს, უნდა დაეწყონ ბოდიშის მოხდით ქართული საზოგადოების წინაშე იმ უსამართლობის გამო, რაც მათი ხელით დატრიალდა ევროპარლამენტში. მიზანი მათი ჩამოსვლის არის ისევ და ისევ ცეცხლზე ნავთის დასხმა. რადიკალები ცდილობენ დღეს რუსთაველზე შეიკრიბონ და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია. ამ ხალხს ერთგვარი პოლიტიკური ალერგია აქვს დამოუკიდებლობის და თავისუფლების სახელმწიფო სუვერენიტეტთან მიმართებაში. 9 აპრილს, 26 მაისს, ასეთ საკრალურ თარიღებს ამთხვევენ ესკალაციის კამპანიებს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ აქციას, ევროპარლამენტარები და მათ შორის, სავარაუდოდ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე შეუერთდება.