1759659123
თორნიკე ჭეიშვილი: არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ხელს აღმართავს სახელმწიფოზე, კონსტიტუციურ წესრიგზე და ეს დარჩება რეაგირების გარეშე. ყველას მოუწევს შესაბამისი პასუხისგება კანონის სრული სიმკაცრით

ყველამ თვალნათლივ იხილა, რომ ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ეს იყო ძალადობის ორგანიზება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული პროცესებზე საუბრისას.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
„რა თქმა უნდა არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ხელს აღმართავს სახელმწიფოზე, კონსტიტუციურ წესრიგზე, ზოგადად იმაზე რომ ამ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა, სახელმწიფო უსაფრთხოება, სამოქალაქო უსაფრთხოება და შემდგომში და ეს დარჩება რეაგირების გარეშე. ბუნებრივია ყველას მოუწევს შესაბამისი პასუხისგება კანონის სრული სიმკაცრით“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.