თორნიკე ჭეიშვილი: 2024 წლის 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა დაუფარავად ისაუბრა იმის შესახებ, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს საქართველოს შიდა ინტერესებში ჩარევას - ამის შემდგომ, საქართველოში ჩამოდის ვიზიტით ჯიმ ო’ბრაიენი და არ ფარავს უკმაყოფილებას ბატონი ივანიშვილის განცხადების თაობაზე - პარალელურ რეჟიმში, დაიწყო პრობლემები შვეიცარიულ ბანკთან

თორნიკე ჭეიშვილი

2024 წლის 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველზე, საზოგადოებასთან შეხვედრის დროს, დაუფარავად ისაუბრა იმის შესახებ, რომ „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ძალიან დაუფარავად ცდილობდნენ ჩვენი სახელმწიფოს შიდა ინტერესებში ჩარევას და ერთგვარი ფარდა ახადა იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა ისევ და ისევ საქართველოზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მიზნით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

ჭეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე „გლობალური ომის პარტიის“ და „დიფ სთეითის“ გავლენების შესახებ, უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა, პარალელურ რეჟიმში კი დაიწყო ივანიშვილის პრობლემები შვეიცარიულ ბანკთან. „ამის შემდგომ, საქართველოში ჩამოდის ვიზიტით ჯიმ ო’ბრაიენი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და აზიის მიმართულებით და აღნიშნული პიროვნება ასევე არ ფარავს უკმაყოფილებას იმით, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა „დიფ სთეითისა“ და მისი გავლენების შესახებ.

შეიძლება ითქვას, პარალელურ რეჟიმში, ანუ 6 თვის წინ, დაიწყო ეს პრობლემები შვეიცარიულ ბანკთან და პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ბანკის კლიენტს, შეეზღუდა შესაძლებლობა იმისა, რომ თავისი პირადი აქტივები განეკარგა, შესაბამისი საბანკო ოპერაციები განეხორციელებინა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, უკვე ეს ყველაფერი მივიდა რაღაც კულმინაციურ მომენტამდე და გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ თავისი ინტერესები დაიცვას სასამართლოს მეშვეობით. კარგად გახსოვთ სხვა შვეიცარიულ ბანკთან, „კრედიტ სუისთან“ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, რამდენიმე ეტაპი წარმატებით იყო დასრულებული.“ - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა. მისივე თქმით, ამ პროცესებში იგრძნობა „დიფ სთეითის“ ხელი, რომელმაც გადაწყვიტა, შვეიცარიული საბანკო სისტემა მარიონეტად გამოიყენოს და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით შანტაჟის მცდელობა ჰქონდეს.

„მცირე შეჯამება რომ გავაკეთოთ ამ ისტორიისა, აქაც იგრძნობა „დიფ სთეითის“ ხელი, რომელიც ამ შემთხვევაში, შვეიცარიის საბანკო სისტემის გავლით და ესეც ძალიან სამწუხაროა, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა მარიონეტის როლში გამოდის, რომელსაც მოეხსენებათ, მთელ მსოფლიოში მაღალი რეპუტაცია ჰქონდა და სანდოობით სარგებლობდა - ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ახერხებენ, რომ ისევ და ისევ შვეიცარიული ბანკების გავლით, გარკვეული შანტაჟის მცდელობა ჰქონდეთ ბიძინა ივანიშვილის მისამართით.“ - განაცხადა ჭეიშვილმა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.