ტექნიკურად იქნება ერთიანი სია თუ არ იქნება, სინამდვილეში არის ერთი სია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

2020 წელს, როდესაც დაწესებული იყო ერთპროცენტიანი ბარიერი, მიზანი და ამოცანა იყო, შანსი ჰქონოდათ პატარა, ახალ პარტიებს, პარლამენტში მანდატის მიღებით საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მათი პარტიის გარკვეული ალტერნატივები, მაგრამ ეს იყო მხოლოდ არითმეტიკული სიმრავლე პარლამენტში, თორემ არსობრივად მრავალფეროვნება და პლურალიზმი პარლამენტში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, აქაც ვხედავთ რადიკალიზაციის მიმართულებას. ნიკა გვარამიას შეწყალება ზუსტად ამ სფეროდან არის. ვხედავთ კიდევაც, რომ ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს ეს იყო დეპოლარიზაციის მიზნით, მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა. როგორი დეპოლარიზაციები გამოიწვია მისმა შეწყალებამ, ამასაც ვხედავთ. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს და ქალბატონი სალომეს ყოველი შემდეგი ნაბიჯი ადასტურებს, რომ ის არის ნაწილი იმ რადიკალური ჯგუფისა ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ყველა მისი ნაბიჯი არის დამატებითი დადასტურება, რომ ქვეყანა მიჰყავთ რადიკალური დღის წესრიგისკენ. სწორედ ამიტომ არის, მათ შორის, თუ 29 აპრილის შეკრებას გავითვალისწინებთ, ამ ჭრილშიც არის დასანახი, რომ საზოგადოებამ, მათ შორის, საკუთარი სიმრავლით, კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, რომ არ დათმობს ქვეყნის სუვერენიტეტს, სტაბილურ განვითარებას, წინსვლას, რომელიც ქვეყანას აქვს და არ დააბრუნებინებს ამ ქვეყანას იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც ის იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. რადგან რეზოლუციაზეც ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ვხედავთ სამწუხარო ჩრდილის მიყენებას ევროპული სტრუქტურებისთვის, როდესაც რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი დადებით ჭრილში არის ხოლმე წარმოჩენილი. ასე ვხედავთ ჩვენ, რომ ეს არის ნაბიჯი დესტრუქციისკენ, ქალბატონი სალომეს ყოველი შემდეგი გადაწყვეტილება არის მხოლოდ ამის დასტური და საზოგადოებას ამ აზრს მხოლოდ უმყარებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია ერთიანი სიით წარდგება თუ არა, სინამდვილეში, ეს მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.

„ტექნიკურად ეს იქნება ერთიანი სია თუ არ იქნება ტექნიკურად, სინამდვილეში, ეს არის ერთი სია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე. 2020 წელს, როდესაც იყო დაწესებული ერთპროცენტიანი ბარიერი, მიზანი და ამოცანა რა იყო? რომ შანსი ჰქონოდათ პატარა, ახალ პარტიებს, პარლამენტში მანდატის მიღებით საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მათი პარტიის გარკვეული ალტერნატივები. სამწუხაროდ, რაც ვნახეთ ამ ერთპროცენტიანი ბარიერის შედეგად, მართალია, ამის შედეგად შემოვიდა, თუ არ ვცდები, 14 საარჩევნო სუბიექტი და 18 პარტია გამოდიოდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ არითმეტიკული სიმრავლე პარლამენტში, რაც დღეს გვაქვს, თორემ არსობრივად მრავალფეროვნება და პლურალიზმი პარლამენტში ამ მხრივ არ არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე თავისი არსითა და რაოდენობით არის ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგა, რომლის ქვეშაც არიან პატარა დაჯგუფებები.

„​საზოგადოებისთვის მუდმივი თვალში ნაცრის ყრა უკვე ბევრჯერ ვნახეთ. გვახსოვს, გიორგი ვაშაძე ვითომ როგორ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ იყო რადიკალურად განწყობილი თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. სად არის დღეს გიორგი ვაშაძე? „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვნახეთ სხვადასხვა გამოყოფილი ჯგუფი, „გირჩი“, ელენე ხოშტარია, ასე შემდეგ. სად არიან დღეს ისინი? ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები არიან. ასე რომ, ამ ნაცრის ყრას აზრი აღარ აქვს. ეს სია იქნება ერთიანი სია თუ ცალკე სია, სინამდვილეში ეს იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სია და საქართველოს მოსახლეობას სწორედ ეს ექნება არჩევანი – არჩევანი ექნება საქართველოს განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის ეკონომიკურ განვითარებას და, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს თუ უჭერს მხარს ნგრევას, ტერორს, წამებას და იმ რეჟიმს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი და რომლის დაბრუნებისკენაც ისინი ისწრაფვიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.