თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის განცხადებაზე დროებითი მოწმობების არგაცემის თაობაზე: თუ მართლა აქვთ ეს განზრახვა, შეუძლიათ მიმართონ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და პარლამენტი დადგენილ ვადებში განიხილავს

თენგიზ შარმანაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ შეაფასა ოპოზიციის სურვილი, რომ ცესკომ არ გასცეს მათზე დროებითი მოწმობები. მისი თქმით, ეს არის თაღლითური გზა და საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება.

„ეს მექანიზმი არ არსებობს. მათ წინასწარ დაწერეს ეს განცხადებები, იცოდნენ, რომ ამაზე სამართლებრივი რეაგირება ვერ მოხდებოდა, რადგან ეს არ შეიძლება იყოს სამართლებრივად განსჯის საგანი. მათ აქვთ ორი მიზანი: ერთი, რომ შეცდომაში შეიყვანონ თავისი ამომრჩევლები, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ და ასევე თავისი ჭკუით, შეცდომაში შეჰყავთ თავისი პატრონები, რომ აჩვენონ რამდენად შემართულად იბრძვიან ამ საკითხებთან დაკავშირებით.

თუ მათ მართლაც აქვთ ეს განზრახვა, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და რა თქმა უნდა, პარლამენტი ამას დადგენილ ვადებში განიხილავს. სხვა დანარჩენი არის ბლეფი და მოსახლეობის მოტყუება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი დაიწერა ასეთი განცხადებები, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“ დააკმაყოფილოს, თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადებას დაწერენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განხილვის საგანი იქნება.

„მე მაქვს ერთი ხმა და შემიძლია ჩემს თავზე გიპასუხოთ - ყველა ასეთ განცხადებაზე მე დადებით ხმას მივცემ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.