1747676647
თენგიზ შარმანაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ძალიან სასიამოვნოა, რომ ევროკავშირის სტრუქტურები როდესაც მიმოიხილავენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და მისი ზრდის ტენდენციას, არიან ობიექტურები

ძალიან სასიამოვნოა, რომ ევროკავშირის სტრუქტურები როდესაც მიმოიხილავენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და მისი ზრდის ტენდენციას, არიან ობიექტურები. ეს ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.
„არა მხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურები ადევნებენ თვალს ეკონომიკის განვითარებას საქართველოში, არამედ სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ასევე სხვა საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციები. აქ ტენდენციურობის გამოჩენა არის ძალიან რთული. აქ სურათი არის ობიექტური, რადგან საქმე გვაქვს ციფრებთან, შედეგებთან და აქ უკვე აღქმებზე ლაპარაკი ნაკლებად არის შესაძლებელი.
როდესაც პოლიტიკის ნაწილზე გადავდივართ, იქ მათ მანევრირების მეტი საშუალება აქვთ, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენა ჯერ კიდევ დიდია. იქ აღამებს და სურვილებზე უფრო არის დაფუძნებული მათი მოსაზრებები და არა იმ რეალობაზე, რომელიც არის. თქვენ გახსოვთ სასამართლო სისტემას უჩიოდნენ საქართველოში და მერე თვითონვე აქვეყნებდნენ ანგარიშებს, სადაც ბევრ ევროკავშირის ქვეყანა უსწრებდა ჩვენი სასამართლო სისტემა სხვადასხვა მიმართულებით. შემდეგ აღქმებზე გადადიოდნენ პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით, არასწორი დასკვნები გამოჰქონდათ და ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა.
ასე იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი, წელიწად ნახევრით გვიან მოგვცეს სტატუსი, მაგრამ მაინც მოგვცეს, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ახლა დიალოგის გახსნაზეა საუბარი, აქაც ვუსწრებთ კორუფციასთან ბრძოლის და სხვადასხვა საკითხებში, მაგრამ ისევ ამ ტენდენციური მოსაზრების გამო არ იწყებენ ჩვენთან დიალოგს. ჩვენ ის პირობაც დავდეთ, რომ 2028 წელს ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობა გვექნება და 2030 წლისთვის გაწევრიანებისთვისაც ყველაზე უკეთესი მდგომარეობა გვექნება. ჩვენ ამ პირობას რომ ვასრულებთ მათივე მონაცემებიდან ჩანს.
ეს აღქმებზე დაფუძნებული საკითხები დიდხანს ვერ გაგრძელდება და ისინი იძულებულები გახდებიან , რომ რეალობას მოუბრუნდნენ და პოლიტიკურ ნაწილშიც იყვნენ ისეთივე ობიექტურები, როგორც ეკონომიკური ნაწილის შეფასებისას“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.