თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტრამპს „დიფ სთეითისა“ დამარცხების და მშვიდობის დამყარების საქმეში, რადგან ეს ბევრად წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს

თენგიზ შარმანაშვილი

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტრამპს „დიფ სთეითისა“ დამარცხების და მშვიდობის დამყარების საქმეში, რადგან ეს ბევრად წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

კითხვაზე, პრემიერის ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ურთიერთობების გადატვირთვის დაწყება დამოკიდებულია თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივაზე, შარმანაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერი და ხელისუფლების ლიდერები დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ კულმინაციას მიაღწია მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთ-უკრაინის საომარ ავანტიურაში არ ჩაერთო, რაც გახდა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი. შარმანაშვილმა განმარტა, რომ თუ ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი მოიხსნება, მაშინ ბევრად ნაკლები ბარიერი იქნება ამ ურთიერთობების აღსადგენად.

„ჩვენ ჩვენს ხაზს გავაგრძელებთ, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები და ფაქტია, რომ ეს შედეგის მომტანია და ამას ჩვენი მტრებიც ვერ უარყოფენ. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტრამპს „დიფ სთეითისა“ დამარცხების და მშვიდობის დამყარების საქმეში, რადგან ეს ბევრად წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.