თამარ ჩერგოლეიშვილი: 4 ოქტომბერი არის სააკაშვილის და ყველა იმ პოლიტიკური ნულის პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილის ახირებებზე დარბის

თამარ ჩერგოლეიშვილი1

4 ოქტომბერი არის სააკაშვილის და ყველა იმ პოლიტიკური ნულის პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილის ახირებებზე დარბის, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ქართველი ხალხის ბედით ვა ბანკზე წასულიყო.

„აბა, ვისი მოხარშულია 4 ოქტომბრის რევოლუციური იდეები? ხაბეიშვილი რისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა? ბოკუჩავა ნულია, ხაბეიშვილიც ნულია, სააკაშვილის იდეა იყო ეს და სააკაშვილი აკეთებდა ამას. 4 ოქტომბერი არის სააკაშვილის და ყველა იმ პოლიტიკური ნულის პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილის ახირებებზე დარბის. ეს არის პირადად მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა, რომელმაც გადაწყვიტა, ქართველი ხალხის ბედით ვა ბანკზე წასულიყო. ხედავს, რომ დემოკრატიული პროტესტი ისე მიდის, იქ ცენტრალურ როლს ვერ ასრულებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმა 4 ოქტომბრის რევოლუცია“, ჩერგოლეიშვილმა უპასუხა:

„არაფერი იგეგმება, ტყუილია ყველაფერი. საქმეც მაგაშია, რამე გეგმა რომ ყოფილიყო, პაატა ბურჭულაძე ასეთ საცოდავ დღეში არ იქნებოდა და ორი კაცი ხომ არ იქნებოდა იქ? 100 კაციც კი არ ჰყავდათ, რომელიც ბოლომდე გაჰყვებოდნენ. რა დაგეგმვაზე მელაპარაკებით. არავის არაფერი დაუგეგმავს, ბოლი იყო თავიდან ბოლომდე ყველაფერი. ამ ბოლის დაყენებაში ფულს იხდიდა ხაზარაძე. ხაზარაძემ გადაწყვიტა არჩევნებში შესვლა და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მორგება, ამასობაში ალიანსი გავაკეთეთ იმ პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტში შევდიოდით, 19 ივლისის აქცია ჩატარდა, სააკაშვილმა დაინახა, რომ პროტესტი კარგად წავიდა, პროცესმა მიიღო პოლიტიკური სპექტრი, რვა პარტია, სიტყვით გამოვედით, ტაში დაგვიკრეს. სააკაშვილს იქ ცენტრალური როლი არ ჰქონდა და ეგრევე გამოაგდო ხაბეიშვილი, გაურიგდა ხაზარაძეს, თავს არ დაგესხმები და ეთერი მომეციო. ხაზარაძის ნაყიდ ეთერში დასვა ხაბეიშვილი და ბოლი აყენებინა. ყოვლად უსაფუძვლო ბოლი, ტყუილები ალაპარაკა, ადამიანების ბედით ათამაშა, რათა „რვიანისთვის“ ერტყა იქ, სადაც თვითონ ყურადღების ცენტრში არ იყო. ამ ყველაფერს აკეთებდა ხაზარაძესთან შეთანხმებით. მოწოდებებსაც აკეთებდა, თავს არ დავესხათ ხაზარაძეს, მარტო სინანული გამოვხატოთო. ხაბეიშვილს იმ ეთერში, სადაც შეუზღუდავი ეთერი ჰქონდა, არჩევნებში მონაწილე პარტიებს კი არ ესხმოდა თავს, არამედ „რვიანს“. სააკაშვილი ბოლომდე გამოშტერებული არ არის და კარგად ხედავს, რომ პოტენციალი არის დემოკრატიულ პარტიებში და მისი მთავარი კონკურენტი არის არა ხაზარაძე ან ივანიშვილი, არამედ დემოკრატიული პროცესი, რომელიც ივანიშვილსაც, მასაც, ხაზარაძესაც ისე გადარეცხავს, მათგან კვალი არ დარჩება. ჩვენ როცა გავიმარჯვებთ და საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება, ჩარეცხავს ამ რუსულ პოსტტოტალიტარულ შლამს არა მხოლოდ რეჟიმის, არამედ ამ ავტოკრატიული პარტიების სახით, რომლებიც ქართველ ხალხს პატივს არ სცემენ, მათ დებილებად მიიჩნევენ, თვლიან, რომ შეუძლიათ, ქართველი ხალხის ნება იყიდონ ისე, რომ მათი სურვილები, წარმოდგენები არ გაითვალისწინონ. ასე რომ, დიდებული პროცესი მიმდინარეობს, დემოკრატიული პროცესი არის დაძრული. ეს დემოკრატიული პროცესი გადარეცხავს ყველა ავტოკრატიულ ძალას. ძალას დაიბრუნებს ქართველი ხალხი და ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს, სადაც მანდატს მიანიჭებს იმ პარტიებს, რომლებიც მათ ინტერესებს ემსახურებიან“.