სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერ მოვისმინე, როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე - იაგო ხვიჩია ფონდების დაყადაღებაზე

„გირჩის“ ლიდერი

ამ დრომდე დაყადაღებულია საქართველოში მოქმედი 5 ფონდის ანგარიშები. რაში დაიხარჯა ბოლო 4 თვეში, 2 მილიონ ლარზე მეტი - ფონდების ფინანსურ ტრანზაქციებს პროკურატურა სწავლობს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შესაძლო რევოლუციურ პროცესებში ჩართული ფონდებისა და მათი დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ოპოზიციის ნაწილს კი უკვირს იმ ფონდების დაყადაღება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი ივსებოდა.

"თუ ხელისუფლებას ისე ეშინია პიროტექნიკასა და ნიღბების, რომ ამის გამო ფონდებს აყადაღებს, ეს ცალკე კლინიკური შემთხვევაა უკვე ხელისუფლების. მაგრამ მე, მეორეს მხრივ, რაც სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერასოდეს ვერ მოვისმინე, იყო, რომ, როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ხელისუფლების ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს გაჭირვებული, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე", - აღნიშნა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.