სტამბოლში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

7 ოქტომბერს, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი, საბაჟო კომიტეტის რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ სეზაი უჩარმაკმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა.

სამმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მეზობელ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივების და რეგიონის, როგორც სავაჭრო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ზრდას. რისი წინაპირობაცაა არსებული ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ასევე უახლესი ელექტრონული სისტემების ინტეგრაცია და ერთობლივი, მოქნილი კონტროლის მექანიზმების დანერგვა.

ამასთან, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, გაგრძელდება მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა და ეფექტიანი ქმედითი მონაწილეობა საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში, დელეგაციების წევრებმა იმსჯელეს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ეფექტიანობის გაზრდისა და საბაჟო პროცედურების დაჩქარების მიზნით, სასაზღვრო გამშვები პუნქტების სრული გაციფრულების თაობაზე (ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის თაობაზე), რაც შემდგომ კიდევ უფრო შეამცირებს საბაჟო ფორმალობებისთვის საჭირო დროს და შესაბამისად სატრანსპორტო ხარჯებს.

სამმხრივი კომიტეტის ფორმატში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან გადაწყვეტილებას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზა – იპექ-იოლუს“ ოქმის ხელმოწერის პროცედურების დასრულების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა ხელმოწერის პროცესი უახლოეს მომავალში განხორციელდეს. სამი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზაობა განაგრძონ თანამშრომლობა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის (AEO) გაუმჯობესების მიმართულებითაც.

შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ხაზი გაუსვა სამ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, არა მხოლოდ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების, არამედ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისა და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. გულითად მადლობას ვუხდი შეხვედრის ორგანიზატორებს და ვიმედოვნებ, რომ სწორი ხედვით და ერთიანობით, ჩვენ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ - აღნიშნა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ.

თურქეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გიორგი მესხელი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.