სოხუმი პარალიზებულია - უკვე მესამე დღეა, აფხაზები დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ

სოხუმი

ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციისა და ე.წ. პარლამენტის შენობები, უკვე მესამე დღეა, დე ფაქტო ოპოზიციის მხარდამჭერებს აქვთ დაკავებული. არაღიარებული პრეზიდენტის სათათბირო ოთახსა და კაბინეტში საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან გამაგრებული და ძალაუფლებაც ახლა უკვე მათ ხელშია. უცვლელია დემონსტრანტების მოთხოვნაც, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ სამხედრო ტექნიკა, რომელიც შენობებს ბლოკავდა, აქციის მონაწილეებმა ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უკან დაუბრუნეს.

არაღიარებული პრეზიდენტი სოხუმიდან გაიქცა და თავი მშობლიურ სოფელ ტამიშს შეაფარა. შტაბიც იქ აქვს მოწყობილი. ასლან ბჟანია მზად არის, რომ გადადგეს და ე.წ. რიგგარეშე არჩევნებიც დანიშნოს, მაგრამ ერთი პირობით - თუკი სამთავრობო შენობებს ხალხი დატოვებს. მან ისიც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ე.წ. არჩევნებში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა. მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია ძალაუფლების დათმობის შესახებ თავის მომხრეებსაც ესაუბრა.

არაღიარებული პრეზიდენტის ულტიმატუმი აქციის მონაწილეებმა არ აღიარეს. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ე.წ. ოპოზიცია ბჟანიას პირობებზე უარს ამბობს. მათ საპასუხო ულტიმატუმი აქვთ და დროებითი მთავრობის შექმნას აპირებენ, თუკი საღამომდე დე ფაქტო პრეზიდენტი არ გადადგება. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსი" წერს.

სახალხო მღელვარება ოკუპირებულ აფხაზეთში არ წყდება. სოხუმის ქუჩებში ხალხი რუსული დროშებით რუსული ინვესტიციების წინააღმდეგ გამოვიდა. პროტესტის გამო, ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სხდომაც, სადაც ე.წ. საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ უნდა ემსჯელათ.

დაპირისპირების დროს ძალოვანმა უწყებამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ჯერ ფანჯრები, შემდეგ კი ცენტრალური კარი გაჭრეს და შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს. დემონსტრანტებმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს.

ასობით სამხედრო, სპეცრაზმელი თუ მილიციელი მთელ პერიმეტრზე იყო მობილიზებული. ჩააყენეს მძიმე ტექნიკაც, მაგრამ დემონსტრანტებმა პარლამენტის ჭიშკრისა და ღობის მონგრევა მალევე შეძლეს. დაპირისპირების შედეგად, 13 ადამიანი დაშავდა.

ე.წ. კანონპროექტის განხილვა შეწყდა, თუმცა საპროტესტო ტალღა ამ გადაწყვეტილებამ ვეღარ გააჩერა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა უკვე ასლან ბჟანიას უპირობო გადადგომა გახდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.