სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე სსიპ-მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსის შედგენა, ასევე ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.
სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები 40%-ს, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები - 60%-ს შეადგენს. გიორგი მიშელაძის განცხადებით, სააგენტო პერიოდულად აახლებს და აზუსტებს მიწის რესურსების მონაცემებს.
„მიწის განახლებული ბალანსის შესაქმნელად, მიმდინარე წელს, 620 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის მონაცემები დამუშავდა. სამუშაოები აჭარის, ნინოწმინდის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ჩატარდა. წლის ბოლომდე კი 1 200 000 ჰექტარი ტერიტორიის მონაცემების დამუშავება იგეგმება“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
გიორგი მიშელაძემ კომიტეტის წევრებს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგებიც გააცნო და ამ კუთხით არსებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქარსაცავი ზოლების ინვენტარიზაციის პროცესი 2027 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას, გიორგი მიშელაძის ინფორმაციით, 2024 წელს იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 89 მიწის ნაკვეთზე. აუქციონის გზით იჯარით გაცემულ საძოვრებზე წლიური საიჯარო თანხა - 402 ათას ლარზე მეტია, ხოლო პირდაპირი გზით გაცემულ საძოვრებზე კი საიჯარო თანხა ჯამურად 80 ათასს ლარს შეადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა. როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, სააგენტო თავისი საქმიანობის ფარგლებში იკვლევს და აანალიზებს თუ რა მოცულობის სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწას ვფლობთ და როგორია მათი მდგომარეობა.
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო.