1734086254
„სიცრუეა, რომ ვინმემ ცესკო-ს ვებგვერდიდან რაიმე ინფორმაცია გააქრო“ - გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება და სრული სიცრუეა ის ინფორმაცია, თითქოს ცესკოს ვებ გვერდიდან ინფორმაცია ქრება და შემდეგ ის კორექტირებულად იდება.
მისი განმარტებით, ცესკოს გვერდიდან არაფერი არ იშლება და თუ რაიმე დოკუმენტი ახლდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე წაიშალა.
"სიცრუეა, რომ ვინმემ რაიმე ინფორმაცია გააქრო და ეს შემიძლია დავადასტურო. თუ ხდება რაიმე ინფორმაციის განახლება, მათ შორის, შემაჯამებელ ოქმებს ეხება თუ სხვა ტიპის დოკუმენტაციას, რომელშიც ცვლილება შევიდა ეს სხვა საკითხია და თუ რაიმე ახლდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია ქრება. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ როდესაც გენდერული სტატისტიკის მიხედვით ხორციელდება ასეთი ტიპის შედარებების გაკეთება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გასარკვევია თუ რამდენად შეიცავდა ინფორმაციას სპეცსიებში არსებული გენდერული ნიშნით დათვლილი ამომრჩევლების, იმ სხვა კომპონენტების შესახებ, რომლებიც ზოგადად ამ პროცესში აუცილებელია, რომ დათვლილი იყოს. ან ასევე, რა გარემოებებს ეფუძნება ეს შეფასებები. დღეს, მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებთან გვქონდა შეხვედრები და მე ამ სიახლეს არ ვიცნობ. შესაბამისად, მოკლებული ვარ იმ შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პასუხი გითხრათ კონკრეტულ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.