1762280317
შალვა პაპუაშვილი ზვიად ცეცხლაძეზე: მე მივეცი პოლიტიკური და არა სისხლის სამართლებრივი შეფასება - შიდატერორიზმის მაგალითი მან თავად აჩვენა
მე მივეცი პოლიტიკური და არა სისხლის სამართლებრივი შეფასება. სისხლის სამართლებრივი შეფასება არის ბრალდებისა და სასამართლოს საქმე და მისი ქმედება სათანადოდ შეფასდა სასამართლოს მიერ რის გამოც ის სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი ზვიად ცეცხლაძის შესახებ.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ცეცხლაძის ქმედების სისხლის სამართლებრივი შეფასება მისი ამოცანა არ არის და ის მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს.
„შიდატერორიზმის მაგალითი მან თავად აჩვენა. ზოგადად, ტერორიზმი არის პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის სურვილი და იდეოლოგია, შიდატერორიზმი კი არის ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის იდეოლოგია. მათ შორის, მისი საკუთარი ჩანაწერია, რომლითაც ის ინსტრუქციებს ხსნის, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლიციაზე თავდასხმა სხვადასხვა გზით, როგორ უნდა მოხდეს ბარიკადების აგება, მოლოტოვის კოქტეილების დამზადება. იქვე ის დაპირებას იძლევა, რომ მოგვიანებით კიდევ უფრო მძიმე რეცეპტებს მისცემს ვისაც ის ამ ვიდეოს მეშვეობით ეკონტაქტება.
ამიტომ, ტერორიზმი - ეს არის პოლიტიკური შეფასება. საკმარისად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც მას დაუდასტურდა და საკმარისად მძიმე მტკიცებულებები ვნახეთ. ასე რომ, პოლიტიკური ტერმინია „ტერორიზმი“, ისევე, როგორც შეიძლება, იყოს სისხლის სამართლებრივი.
როგორც „თაღლითს“, „ქურდს“ ან სხვა სხვა ტერმინს შეიძლება ჰქონდეს როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური განზომილება. მე ვაკეთებ პოლიტიკურ და არაა სამართლებრივ შეფასებებს, ეს პარლამენტის პრეროგატივა არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









