შალვა პაპუაშვილი: შესაძლებელი რომ იყოს, მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით მარტა კოსის სახლთან და მოესმინა ქართველი ხალხის ხმისთვის, როგორც ჩანს, ის სელექციურად უდგება საქართველოს

შალვა პაპუაშვილი

ქალბატონი კოსი, როგორც ჩანს, სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არის მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ვითარება ძალიან მძიმე ყოფილა საერთო ჯამში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.

„რაც შეეხება ქართველი ხალხის ხმას, ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონ კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს. მისთვის ქართველი ხალხი თუ არის მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ვითარება ძალიან მძიმე ყოფილა საერთო ჯამში. ეს ერთი. მეორე – ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. იქამდე, ვიდრე ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ვიდრე არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებას და თავზე ხელის გადასმას, მანამდე, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ფარისევლობა იქნება და სხვა არაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“.