შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მოწოდების შინაარსი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ გვაქვს საქმე იმ ჯგუფთან, რომელმაც განხილვების დროს თქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ დემოკრატიის აღმშენებელია ქვეყანაში და სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ

 შალვა პაპუაშვილი

რაც შეეხება ამ მოწოდებას, არც თარგმნის და არც ორიგინალის შინაარსი არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ გვაქვს საქმე იმ ჯგუფთან, რომელმაც იმავე დოკუმენტში და გუშინდელი განხილვების დროს თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დემოკრატიის აღმშენებელი ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილი კვლავ გვყავს შუქურად და უნდა გავათავისუფლოთ, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშს, რომელშიც ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მოუწოდებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიშთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს „კრიზისში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები“ უწოდა.

„ეს არის ღირებულებით კრიზისში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ვუყურებ და მართლა გამაოგნებელია. გუშინ ვთქვი კიდევაც - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. როგორ გვესმის ჩვენ ევროპა და რას ვუყურებთ ჩვენი თვალით - ვუყურებთ აბსოლუტურად საბჭოთა ცეკას დონეზე დასულ განხილვებს, სადაც მიყვანილი ჰყავთ დამსმენები, მოწყობილი აქვთ „ტროიკები“, რომ გაასამართლონ მთელი ხალხი. ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე ამ მხრივ განსაკუთრებით ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. გაგახსენებთ, მან თქვა, რომ მთელი ხალხი, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არის დამნაშავე ამ ყველაფერში. დამნაშავედ გამოაცხადა მინიმუმ 1,2 მილიონი ადამიანი. ამაზე მეტი „ტროიკა“ და ამაზე მეტი საბჭოთა კავშირული აზროვნება რა შეიძლება იყოს?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.