1757591883
შალვა პაპუაშვილი - ბატონი პეტერის ხელში რთულია, ვისაუბროთ ურთიერთობების გამოსწორებაზე, მან შეძლო, სამ წელიწადში დაენგრია 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა

ბატონ პეტერ ფიშერს, რომელსაც როგორც ჩანს, აწუხებს ბრალდებები, მაშინ გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ექსტრემისტებს არ უნდა დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ გერმანიის ელჩს სურს, რომ გაემიჯნოს ექსტრემისტულ ჯგუფს, მაშინ ეს საჯაროდ უნდა თქვას.
„არსებობს ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც მიუვარდა საქართველოს პარლამენტის წევრს და თავს დაესხა მარიამ ლაშხს ფაშისტური შეძახილებით. ამის შემდეგ, ამ ადამიანებს ბატონი პეტერი შეხვდა თავისთან საელჩოში, გამოუცხადა მხარდაჭერა, თქვა, რომ ესენი არიან საქართველოს მომავალი. საქართველოს მომავალი კარგ ხელშია მათი სახით. ამ შეხვედრიდან, მეორე დღეს იგივე დაჯგუფება თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს. იქაც პოლიტიკური ძალადობით, ფაშისტური შეძახილებით. ასე რომ, თუ ბატონ პეტერს სურს, რომ არ იყოს მის მიმართ ბრალდებები ექსტრემისტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ის ისევე საჯაროდ უნდა გაემიჯნოს ამ ექსტრემისტულ ჯგუფს, როგორ საჯაროდაც მხარი დაუჭირა მათ იმით, რომ მიიღო საელჩოში და საჯარო განცხადებით დაუჭირა მხარი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებას კი, თუ საჭიროდ ჩათვლის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი უპასუხებს. ბატონი პეტერის ამგვარი ქცევა არ არის პირველი, შეგახსენებთ, რომ ის ასევე გორში შეხვდა ექსტრემისტულ ჯგუფს. ფონად იყო პლაკატი „მონა“, როდესაც ამის წახალისება ხდება, ვხედავთ, ამის შედეგი რა არის. ამის შედეგი არის ის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, რასაც ვხედავთ ჩვენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბთან. ასე რომ, ეს ყველაზე მეტად აზიანებს თავად გერმანიას. ეს ნაკლებად აზიანებს საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ვითარებაში რთულია საუბარი ქართულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე.
„ბატონი პეტერის ხელში რთულია, ვისაუბროთ ქართულ-გერმანულ ურთიერთობების გამოსწორებაზე, რაც სამწუხაროა. მან შეძლო, რომ სამ წელიწადში ფაქტობრივად დაანგრია 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა საქართველოსა და გერმანიას შორის. ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული პატივისცემა გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში. სამ წელიწადში ამ ადამიანმა მოახერხა, რომ დაიყვანა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ქართულ-გერმანული ურთიერთობები. მან საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ ჯგუფს, რომელიც თავს ეძახის ილიას უნივერსიტეტის რაღაცას, რომელიც თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის წევრს, ამის შემდეგ მიიღო ისინი საელჩოში და თქვა, რომ ესენი არიან საქართველოს მომავალი, ამას უწოდებს საქართველოს მომავალს. ამით შეგულიანებული წავიდნენ მერე და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.