საზოგადოება „ქართული“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს და სატელევიზიო ეთერის დათმობას ითხოვს

საზოგადოება ქართული

საზოგადოება „ქართული“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი მოსაზრებებისა და პოზიციის დასაფიქსირებლად სატელევიზიო ეთერის დათმობას ითხოვს.

„საზოგადოება „ქართული“, რომელიც ამა წლის 14 აპრილს, ქართული ენის დღეს შეიქმნა და აერთიანებს ქართული კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის და  ინტელექტუალური სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს, მიზნად ისახავს საქართველოში ქართული იდენტობის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის  ხელშეწყობას.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენი ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას და ცდებს, სრულად იქნეს წარმოჩენილი ქართული საზოგადოების აზრის მრავალფეროვნება.

მოგმართავთ თხოვნით, თქვენთვის სასურველ დროს დაგვითმოთ სატელევიზიო ეთერი, რათა ქართულ საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ხელს უშლის საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე განსხვავებული აზრების ჯანსაღ შეჯერებასა და ეროვნული ერთიანობის მიღწევას“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ მიმართვაში.