სავიზო საკითხი იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც „დიფ სთიეთს“ და უკრაინაში ომის გამჩაღებლებს სურთ, ამას ვერ ეღირსებიან - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება დაშინების მექანიზმია, რომელიც შემორჩენილია იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში „დიფ სთეითს“ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ისევ დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ, რომელიც „დიფ სთიეთს“.

„არ მგონია, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იკადრებს და ქართველ ხალხზე იმგვარი ზეწოლა მოხდება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ქართველი ხალხის სულისკვეთება ევროპული მომავალია. ქართველმა ხალხმა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-თან და ამერიკასთან ურთიერთობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა დასავლური წამოწყების მაქსიმალურად მხარდამჭერი ყოფილიყო, მათ შორის იყო ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ნატო-ს მისიებში. ეს დაშინების მექანიზმია, რომელიც შემორჩენილია იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში „დიფ სთეითს“ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ისევ დარჩეს. ეს იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ, რომელიც „დიფ სთიეთს“ და უკრაინაში ომის გამჩაღებლებს სურთ, მაგრამ ბუნებრივია, ამას ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციას დიდი მოღალატეობრივი სინდიკატია – ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატით არ იღლებიან.

„ოპოზიცია არის ერთი დიდი მოღალატეობრივი სინდიკატი საქართველოში, ცოცხალი, ხელშესახები ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც არ იღლებიან საკუთარი ქვეყნის ღალატით. აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დადიან და ითხოვენ, რამენაირად ქართველი ხალხი დაისაჯოს, მაგრამ ბუნებრივია, მათ მცდელობას საბოლოოდ წარმატება არ ექნება. ის მნიშვნელოვანი ევროპულო გზა, რომლის საქართველომ დღემდე გამოიარა და რომელსაც აგრძელებს, ბუნებრივია, დასრულდება იმით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.