საქართველოში არის უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მარტო საქართველოსთვის არა, ევროპისთვის უპრეცედენტო ზრდა და სწორედ ამ ნაწილს ურტყამენ - ლევან მახაშვილი ოპოზიციის გეგმაზე

ლევან მახაშვილი

გიორგი გახარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის გეგმის პირველი ფაზის ტრამპის ინაუგურაციამდე დასრულების აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს, ახლა ეკონომიკური კრიზისის შექმნაზე საუბრობს.

რას გულისმობს გეგმა - გახარიამ განმარტებები ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მეორე ფაზა არის ეკონომიკური კრიზისი, უმართავი პროცესები ამ სფეროში, რამაც უნდა აიძულოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს.

ექსპრემიერის განცხადებას ეხმაურება მმართველი გუნდი, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული პროტესტებით დამკვეთები ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კომპონენტს დაარტყან.

"ცდილობენ, რომ არაღიარება არჩევნების, ეს კომპონენტი თავიანთ პარტნიორებთან ერთად განავითარონ, მაგრამ მეორე მსხვილი ნაწილი ასევე არის ეკონომიკური ნაწილი, სადაც ცდილობენ სწორედ დაარტყან იმ ნაწილს, რაც არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე.

ჩვენ განვლილი წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მარტო საქართველოსთვის არა, ევროპისთვის უპრეცედენტო ზრდა და სწორედ ამ ნაწილს ურტყამენ. გაცნობიერებულად და შეგნებულად დგამენ ამ ნაბიჯს და ამ ნაბიჯებით ისინი ქვეყანას უქმნიან საფრთხეს, იმიტომ, რომ მათ შემოაქვთ შფოთი და არასტაბილურობა ეკონომიკურ ნაწილში და პოლიტიკის ნაწილშიც", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.