საქართველოში აკრედიტებული ელჩები ჩართული არიან შიდა პოლიტიკაში, ვენის კონვენციის დარღვევით - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზე კიდევ ერთხელ საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც აცხადებს, რომ ამ ფონზე, ბრიუსელი კრიტიკას უნდა შეეგუოს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, ევროპული პრინციპი სწორედ კრიტიკის ატანა და პასუხის გაცემაა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსდებიან პოლიტიკოსები, რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფები, რის შესახებაც მან ჰერჩინსკისთვის მიწერილ წერილშიც ისაუბრა, თუმცა ქართულ მხარეს არგუმენტირებული პასუხი არ მიუღია.

"შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, თუ რაიმე არის ევროპული ღირებულება და წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, ატანა და პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ, არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და, გაღმა შედავებით, გაბუტულ პოზაში ჩადგნენ, ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს. მარტივია, მიიღონ კრიტიკა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის კონკრეტული ფაქტებით, როდესაც, მაგალითად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, ფინანსდება პროპაგანდა, ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი, ამიტომ ნება იბოძონ და უპასუხონ ყველაფერს.

საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი თავიდან ბოლომდე ჩართული არიან შიდა პოლიტიკაში, ვენის კონვენციის დარღვევით.ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში, ელჩი თუ სხვა თანამშრომელი საელჩოსი, რომელიც რიგით ქართველ პოლიტიკოსად არის ქცეული, პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს, თუ ქცევის წესს და სტანდარტებს. თუკი ამ ნაბიჯზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ მით უმეტეს, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.