1744027214
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი ტაშკენტში, IPU-ის 150-ე ასამბლეის ფარგლებში, გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრაში მონაწილეობს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის შესაძლებლობებს პარლამენტების საქმიანობაში.
„მსგავსი შეხვედრები წარმოადგენს შესაძლებლობას არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვისაც. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საპარლამენტო საქმიანობაში. ამ მიმართულებით მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან და მჯერა, გამოცდილებების შეჯერება საინტერესო და პრაქტიკულ შედეგებამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა კახა ოქროჯანაშვილმა.
IPU-ის 150-ე ასამბლეა და გენერალური მდივნების ასოციაციის სხდომა ხელს უწყობს საერთაშორისო საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გლობალური გამოწვევების ერთობლივი გადაწყვეტისთვის. აღნიშნული ასოციაცია (ASGP) წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრაციულ ხელმძღვანელებს და მათ შორის გამოცდილების გაზიარებას, ეფექტიან საპარლამენტო მართვის მოდელებზე ერთობლივ მუშაობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზების განხილვას უწყობს ხელს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.