საქართველოს ხელისუფლება დაიცავს მოქალაქეების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით - კალაძე

კახა კალაძე

დღეს ყველასათვის ცხადი გახდა ის, რაზეც კარგა ხანია, ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობთ, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის, საზოგადოების დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

„ხელისუფლება სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობით და მხარდაჭერით, რაც გამოიკვეთა ახლად ჩატარებულ არჩევნებზე, 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ადამიანებს. საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით. ამის საპრევენციოდ ბევრი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ. ნაწილი იყო მტკივნეული და პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება, არაპოპულარულიც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილებები. ქვეყნის ინტერესების დასაცავად პირველ რიგში. ის, რის გამოააშკარავებას და გამჭვირვალობასაც ვითხოვდით, დღეს დევს ხელის გულზე და ყველას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გააკეთოს საკუთარი ანალიზი მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს.

„ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დღის წინ, 28 ნოემბერს პრემიერის განცხადება, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციას, ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს. ასევე ითქვა, რომ ჩვენ არ გვინდა ყოველთვის ვიყოთ შანტაჟის ქვეშ და ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი იყო შანტაჟის იარაღი, ახლა შანტაჟის იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის საკითხი. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, დღეს არ დარჩა ქვეყანაში ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად. შეიძლება, თავიდან იყო გაურკვევლობა, შეიძლება, ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება, ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში, რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი და ნათელია, ყველაფერი გასაგებია. ჩვენ ვართ თავმოყვარე ხალხი და თავმოყვარე ერი, რომელსაც აქვს უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული, რითაც ვამაყობთ და ვფიქრობ, ამ ყველაფრით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის“, – განაცხადა კალაძემ.