საქართველოს ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, ვაფასებთ პარტნიორთა მხარდაჭერას, როცა საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას - ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

რუსეთი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოების (ECHR ICC) გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ოკუპაციისა და ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებისთვის სწორედ რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე.

„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი მალტას 2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობისა და დღეს ჩვენი მასპინძლობისთვის. თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ჰელსინკის დასკვნითი აქტით ის მთავარი პრინციპები განისაზღვრა, რასაც ეუთო ეფუძნება. ჩემი ქვეყანა ამ ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა ომი უკრაინაში, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და იქ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა დღესაც გრეძლდება და უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ეთნიკური წმენდა, ჰიბრიდული ომი, ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები, წამების და მკვლელობის ტრაგიკული ფაქტები, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომელიც ათწლეულებია საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედით ცხოვრობს, ამ ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის ის შედეგები, რომელიც რუსულ ოკუპაციას ახლავს თან.

სამწუხაროდ, დღემდე არ სრულდება 2008 წლის ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიას 2008 წლიდან დღემდე არ ეძლევა მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა და არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოების (ECHR ICC) გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ოკუპაციისა და ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებისთვის სწორედ რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას.

საქართველოს ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკას ორი მიმართულება აქვს, დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშნველოვან მექანიზმად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებები. საქართველო აფასებს პარტნიორების მხარდაჭერას, როდესაც საქმე ეხება ჩვენი სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზების ძიება აქტიურად იყოს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში.

„მივესალმებით ეუთო-ს ფინეთის თავმჯდომარეობას და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისში განხორციელდება თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში.

ქალბატონებო და ბატონებო, მიუხედავად უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევებისა, საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ეკონომიკური თუ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით თვალსაჩინო პროგრესის მიღწევა. ეს დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით და ანგარიშებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავდროულად, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიმართულია ევროპული ინტეგრაციისკენ, სამწუხაროდ ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და აქტიურად გამოიყენება ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად“.

„ეს კი დამატებით საფრთხეს ქმნის ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც შექმნა უმტკიცესი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის და დღემდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება.

ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

დღეს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, სრულად ვაცნობიერებთ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და მოველით ამ პროცესის არა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, არამედ დიალოგის და რეალური ინტეგრაციისთვის გამოყენებას.

კოლეგებო, მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რაზეც ეს ორგანიზაციაა დაფუძნებული. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეუთო-ს საქართველოს მთავრობის მოწვევით საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიონმა საქართველოს მოქალაქემ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის თანდასწრებით დააფიქსირა საკუთრი არჩევანი, არ წყდება სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშრებით.

ვხედავთ ასევე მცდელობებს, დაკნინდეს ეუთო/ოდირის როლი და მისი საქმიანობისა და შეფასებების მნიშვნელობა. ეს ქმედებები გამოიყენება საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის შესაქმნელად. მოველით, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა დაეფუძნება ობიექტური შეფასებებს და შესაძლებლობას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა და თანამშრობლობა რეკომენდაციების შესრულების მიზნით.

დასასრულს, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მზადაა, იმუშაოს მონაწილე სახელმწიფოებთან. ეუთო-ს 50 წლის იუბილე არა მხოლოდ ფიქრისა და განსჯის საგნად უნდა იქცეს, არამედ მან ახალი იმპულსი უნდა შესძინოს ჩვენს საერთო მიზანს შევქმნათ ისეთი მომავალი, რომელიც დაეფუძნება მშვიდობას, უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის დაცვას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.