ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1757014447
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის შემდეგ მშვენიერაძემ განაცხადა, ზოგიერთი კითხვა დაკავშირებული იყო შესყიდვების დოკუმენტებთან.
„რაზეც მქონდა ინფორმაცია, გავუზიარე, თუმცა არ ყოფილა არცერთი დოკუმენტი, სადაც რაიმე უკანონო საგანია შესყიდული“, - აღნიშნა მშვენიერაძემ.
საქმის პროკურორის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, მშვენიერაძესთან გამოძიებას სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდა კითხვები.
„გვქონდა შეკითხვები, თუ რატომ ჰქონდა ადგილი გარკვეული პოსტებით, ფინანსური წახალისებით, ჯარიმების გადახდით, პიროტექნიკის მომარაგებით პირთა წახალისებას. მოწმის თქმით, მსგავს ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და რაიმე შემხებლობაში აქციის ორგანიზებასთან არ ყოფილა. ასევე მან უარყო ის ფაქტი, რომ საერთოდ პარლამენტის შენობის დაზიანებას, რბევას, ან სამართალდამცავთა მიმართ რაიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი, ან პირადად შეესწრო ის“, - აღნიშნა პროკურორმა.
გიორგი მშვენიერაძემდე გამოკითხვაზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე იყო დაბარებული, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან მიქელაძის ადვოკატებმა სასამართლოში მისვლა ვერ მოახერხეს.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.