საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

მამუკა მდინარაძე

მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან  პერიოდს დღევანდელ დღემდე. შესაბამისად,  შესასწავლი ობიექტების და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია. ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა კომისია ცდილობს მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი.

წინა კვირას, როგორც ეს ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ ერთი თვით.

საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ  კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ.

ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისთვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს და როგორც იტყვიან ხოლმე ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში, მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში.

ამის გარდა, არავის მივცემთ უფლებას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ  საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ ქართულმა ოცნებამ კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით.

საზოგადოება კარგად ხედავს და იხსენებს რამდენად ამაზრზენი დანაშაულის ავტორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ იწოდებიან პოლიტიკოსებად. დღევანდელი დღეც იყო იმისი უტყუარი დადასტურება, რამდენად ბინძურად იქცევა სხვა ქვეყნებიდან თუ უცხო ძალების მიერ მართული ე.წ. პოლიტიკოსი, როდესაც მას დამოუკიდებლად მოქმედების ელემენტარული უფლებაც კი არ აქვს და ვნახეთ თავისივე ტყუილებში ახლართული, ნაცმოძრაობისთვის გადამდგარი გუნდისა და ქვეყნის მოღალატე.

ასე რომ, დარწმუნებული ვართ საგამოძიებო კომისია კიდევ ბევრ ისეთ ამბავს გამოააშკარავებს, რომელიც მეტად და უფრო ცხადად გაშიფრავს აგენტურული პარტიებისა და პოლიტიკოსების მოქმედებებს და ჩვენ ყველანი ერთად კომისიის მუშაობის შედეგებს დაპირებულ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ.

რაც შეეხება, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ ამ ჩვენი განცხადების შემდეგ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახვებთ ყველას, რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა.